“ერთ-ერთი 4 ავტომობილს ფლობს, მის მამას კი 6000კვ.მ სახნავ-სათესი მიწა უფიქსირდება” – კახა კალაძე აფრიკაში მომხდარ ინციდენტზე

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ გუშინ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟი კანონიერად განხორციელდა და არცერთ ობიექტში, რომლის დემონტაჟიც მოხდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ. კახა კალაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე ასევე არის უკანონოდ აშენებული სახლები, რომლებიც უკვე საცხოვრებლად გამოიყენება და მუნიციპალიტეტის ინსპექცია ამ შენობებს არ შეხებია.

კალაძე კარგად დაორგანიზებულ შეტევას უწოდებს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტოს იმის შესახებ, რომ მერიამ მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ მამა-შვილს საცხოვრებელი დაუნგრია:

“ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, ყველაფერი ხდებოდა მიზანმიმართულად, ეს იყო კარგად დაორგანიზებული შემოტევა , რომ თითქოს ჩვენ ამ მამა-შვილს დავუნგრიეთ სახლი, რაც არის დიდი ტყუილი, შემდგომ რა მოყვა და როგორ განვითარდა მოვლენები ყველამ კარგად იცის და მე აღარ მოვყვები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, როდესაც მიწების დატაცება ხდება, ბევრი ადამიანი მართლაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაშია, თუმცა არიან ადამიანები რომლებიც ამით სხვა სარგებელს ნახულობენ:

“არიან ადამიანები ვინც მიწების მიტაცებით და შემდგომ შენობა-ნაგებობების განთავსებით ხელს ითბობს, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ თემას ჩავყვებით ბოლომდე, თუ ვინმეს გონია, რომ ვერ მივაგნებთ და არ გამოიკვეთება ის ადამიანი, თუ ადამიანის დაჯგუფება ძალიან ცდებიან,” – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმ პირებს შორის რომლებიც გუშინ უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ეწინააღმდეგებოდნენ არიან ისეთებიც, რომლებსაც სხვა საცხოვრებლებიც უფიქსირდებათ.

კალაძის თქმით, ერთ-ერთი მათგანი 4 მსუბუქ ავტომობილს ფლობს, მის მამას კი 6000კვ.მ სახნავ-სათესი მიწა უფიქსირდება. მეორე პირი ბინას გურამიშვილზე ფლობს, მის მშობელს კი კიდევ 3 ბინა უფიქსირდება, ასევე ოჯახს მიწები გააჩნია ხარაგაულშიც. თბილისის მერმა კიდევ რამდენიმე მაგალითი მოიყვანა იმისა, რომ ამ პირებს დედაქალაქში თუ სხვა მუნიციპალიტეტებში სახლები და მიწები უფიქსირდებათ.

მსგავსი თემები