„არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული“ – კახა კალაძე სახლების ნგრევაზე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აფრიკის დასახლებაში დანგრეული სახლები დასრულებული არ იყო და იქ ადამიანები არ ცხოვრობდნენ.

„გვინდა გამოვეხმაუროთ იმ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო და დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ  არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა არ იყო დასრულებული, იყო მშენებარე ნაგებობები და მასში ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ მსგავსი ქმედება განხორციელდება უნდა აღიკვეთოს“ – განაცხადა კახა კალაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

მერის განცხადებით, მათთვის, ვისაც საცხოვრებელი არ გააჩნია, შეუძლია სპეციალური პროგრამებით ისარგებლოს.

„რაც შეეხება მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი არ გააჩნიათ, თბილისის მერიაში მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომლის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 7 მილიონი ლარია და ჩვენ ყოველწლიურად ასეთ ოჯახებს ვეხმარებით. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რომ 2021 წელს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ბიუჯეტი 350 მილიონი ლარი იქნება, კარგად გვესმის არსებული სოციალური ფონი და ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ არცერთი ადამიანი პრობლემების წინაშე არ დავტოვოთ, მაგრამ კანონი ყველასთვის უნდა იყოს უზენაესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს, აფრიკის დასახლებაში, 15-მდე თვითნებურად აშენებული საცხოვრებელი დაანგრიეს. წინააღმდეგობის გაწევისას, სამართალდამცველებმა 8 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი თემები