„რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოკდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“ – შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

 „250 000 ადამიანის უმუშევრად დარჩენის საფრთხე არსებობს ამიტომ, სწრაფი რეაგირებაა საჭირო,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლმა შოთა ბურჯანაძემ განაცხადა.

ბურჯანაძის განმარტებით, დღეს სფერო გადარჩენას საჭიროებს:

„პირველი „ლოკდაუნის“ შემდეგ სფეროს შესაძლებლობა მიეცა, რომ გამოჯანმრთელებულიყო, თუმცა მეორე „ლოკდაუნიდან“ ისევ დაღმასვლა მოხდა და სფეროსთვის გადარჩენისთვის ბრძოლა გახდა აუცილებელი. დღესაცაა ეს კითხვის ნიშანი, თუ საბოლოოდ რამდენი რესტორანი და სფეროს პროფესიონალი დარჩება ქვეყანაში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება „ლოკდაუნი“, მით უფრო ნაკლებია ამა თუ იმ ოპერატორის გადარჩენის შანსი“,- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში”

როგორც ბურჯანაძე ამბობს, ეკონომიკის სამინისტროსთან სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და პირველი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რესტორნების სესხის პროცენტის სუბსიდირება იყო. დღესდღეობით კი კომუნიკაციის საკითხია მიტანის სერვისის მქონე რესტორნების პერსონალისთვის საშვების გაცემა, რაზეც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სფეროსთვის დიდი შვებაა, რომ გადავადებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები ჩამოიწერება.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები