„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის ძებნილი ბადრი ესებუას ძმის, ბიძინა ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.
გუშინ მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბიძინა ესებუა ბრალს არ აღიარებს.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა – შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. “ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ ბ.ე.-ს მიმალვაში მყოფ ძმასთან ჰქონდა კონტაქტი და მისთვის უნდა გადაეცა სხვადასხვა ნივთები, პოლიციის მიერ მის მიმართ ხორციელდებოდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება – ვიზუალური კონტროლი. ღონისძიების მიმდინარეობისას ბ.ე.-მ მიმალვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ ის დააკავა. დაკავებულის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 2 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ვაზნები, საძილე ტომარა, კვების პროდუქტები და ტანსაცმელი”,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.