„თუ 5-6- დღის განმავლობაში კარგად ხართ, ნუ ჩათვლით, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„კორონავირუსს ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს და  სიმპტომების მატება, შესაძლებელია, დაავადების გამოვლენიდან მეშვიდე, მაქსიმუმ მე-11 დღეს გამოვლინდეს“ – განუცხადა თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს.“

მის თქმით, მოსახლეობის 87%-ში კორონავირუსი ყოველგვარი გართულებისა და საავადმყოფოში მოთავსების გარეშე სრულდება.

„სიმპტომების ჩამონათვალი არ გახლავთ ტიპიური. მოზრდილებში ხველება და ტემპერატურის მატება აღენიშნება პაციენტების უმრავლესობას, 50%-ზე მეტ შემთხვევაში. ასევე, ძალიან ბევრია შემთხვევები, რომელიც  მიმდინარეობს ყელის ტკივილით, თავის ტკივილით, კუნთების ტკივილით, ყნოსვისა და გემოვნების დაკარგვით. ბოლო პერიოდში, მეორე ტალღის მიმდინარეობისას, საჭმლის მომნელებელი სისტემაც ჩაერთო პროცესში. ეს არის ნაწლავთა მოქმედებს გახშირება, ღებინება, თავის  ტკივილი” – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, ვირუსი შესაძლოა მეთერთმეტე დღეს გამოვლინდეს.

„დაავდების მსუბუქად მიმდინარეობის შემთხვევაში, ეს სიმპტომები 7-8- დღის განმავლობაში ვლინდება. პირველი 7-8- დღე დაავადება მიმდინარეობს გაციების მსგავსი სიმპტომატიკით. მოსახლეობის 87%-ში კორონავირუსი ასევე მთავრდება ყოველგვარი გართულებისა და საავადმყოფოში მოთავსების გარეშე. რადგან კორონავირუსს ტალღისებრი მიმდინარეობა ახასიათებს,  სიმპტომების მატება შესაძლებელია პირველი სიმპტომიდან, დაავადების გამოვლენიდან მეშვიდე, მაქსიმუმ მე-11 დღეს გამოვლინდეს. ამიტომ, ნუ ჩათვალეთ, რომ თუ 5-6- დღის განმავლობაში კარგად ხართ, ამით ყველაფერი დამთავრდა. კიდევ დარჩით სახლში და იყავით ყურადღებით. თუ 12 დღის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდის, შეიძლება  ჩათვალოთ რომ კორონავირუსი გართულების გარეშე დასრულდება“ – განუცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარს“.   

მსგავსი თემები