მარგველაშვილი მეორე ვადით პრეზიდენტი არ იქნება – “მაქვს განცდა, რომ სწორი გზით მივდივარ”

საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მეორე ვადით პრეზიდენტობას არ გეგმავს და აცხადებს, რომ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში კენჭს არ იყრის.

​როგორც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში ქართველ სტუდენტებთან და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში ელიტის ან სხვა რომელიმე ჯგუფის სამსახურში არ ყოფილა და სხვა ფორმით განაგრძობს საქართველოს სამსახურს.

„როგორც პრეზიდენტობის 5 წლის განმავლობაში და მანამდეც, ასევე მომავალში ჩემი სამსახური იქნება საქართველოს სამსახური. არ ყოფილა მომენტი, რომ მე ელიტის ან სხვა ჯგუფის სამსახურში ვყოფილიყავი, ეს იწყებოდა საქართველოს მოქალაქეებით და გრძელდებოდა საქართველოს მოქალაქეებით. ამ არჩევნებში მე მონაწილეობის მიღებას აღარ ვაპირებს, არამედ სხვანაირად, სხვა ფორმით გავაგრძელებ თქვენი ქვეყნის სამსახურს“, – მიმართა პრეზიდენტმა სტუდენტებს.

მისივე შეფასებით, 28 ოქტომბრის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს მოქალაქეების გადასაწყვეტია, როგორი იქნება ქვეყანა. ხოლო პოლიტიკოსისთვის, რომელიც პრეზიდენტი გახდება, მთავარი დამკვეთი უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობა და არა რომელიმე კონკრეტული პირი ან პოლიტიკური ჯგუფი.

​გიორგი მარგველაშვილის აზრით, მომავალი პრეზიდენტის მიზანი უნდა იყოს გააერთიანოს და არა გახლიჩოს ერი, ერთმანეთთან არ დააპირისპიროს ძალიან პატარა ერი და ამ პროცესში არ დაკარგოს ქვეყანამ მრავალფეროვნება.

​პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა თავისი ოჯახის წევრებს, რომლებმაც, მისივე თქმით, ამ  5 წლის განმავლობაში რთული პერიოდი გამოიარა და მისთვის პრობლემები არ შეუქმნით. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ხალხს გამორჩეული მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ მაშინ როცა, მთელი პოლიტიკური ელიტა მის წინააღდეგ იყო განწყობილი და ყველა საშუალებით ცდილობდნენ მისი  მმართველობის შერყევასა და პირადად მის დისკრედიტაციას, ის მოსახლეობის მხარდაჭერას გრძნობდა.

“ასეთ რთულ მომენტებში, როცა გავივლიდი დუშეთის, თბილისი ქუჩებში, მთავარი ბარომეტრი მქონდა, თუ როგორ მხვდებოდა ხალხი, ამის განცდა მარწმუნებდა რომ სწორი გზით მივდივარ”, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

მსგავსი თემები