“ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების ჩიხიდან” – კახა კალაძე ISFED-ის პარალელურ დათვლაზე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ISFED-ის ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ დაზუსტებული ანგარიში არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

როგორც კალაძე აცხადებს, მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ამომრჩეველს აქვს.

„დღეს მნიშვნელოვანი დღე იყო. დღე, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა შანსი, საქართველო შედგეს ღია, მრავალფეროვანი საპარლამენტო დემოკრატიის ქვეყნად.

საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნებზე დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია – პარლამენტი იყოს მრავალპარტიული. ეს ოპოზიციის შანსია, რომ აქტიური როლი შეასრულოს ჩვენი ქვეყნისთვის უკეთესი ხვალინდელი დღის უზრუნველყოფაში.

დღეს საღამოს ორგანიზაცია ISFED-მა გამოაქვეყნა თავისი შესწორებული ანგარიში, რითაც დადგინდა, რომ ცესკოს შედეგები სინამდვილეში თანხვედრაშია ISFED-ის პარალელური ხმის დათვლის მონაცემებთან. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი ყველა ჯანსაღი ოპოზიციური პარტიისთვის, გამოვიდნენ ნაჩქარევად მიღებული გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ჩიხიდან და შეუდგნენ ამომრჩევლისგან დაკისრებული ვალდებულების შესრულებას. ჩვენ გვინდა პოლიტიკა ვაკეთოთ ისეთ პარტიებთან, რომლებიც არ არიან პოლიტიკური მძევლები და გააჩნიათ თავისი ჩამოყალიბებული პოზიცია.

მოგიწოდებთ, ადეკვატურად შევაფასოთ მოცემული რეალობა – ჩვენ ყველამ, მიღებული მანდატების რაოდენობის მიუხედავად, გავიმარჯვეთ, გვაქვს მრავალფეროვანი პარლამენტი!

მოლაპარაკებებიც უნდა გაგრძელდეს, საარჩევნო რეფორმაზე ერთობლივი მუშაობაც და ყველაფერი ის, რისი მოლოდინიც ჩვენგან ამომრჩეველს აქვს“, – წერს კალაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგების დაზუსტებულ ინფორმაციას აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. გასწორების შედეგად, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა. აღნიშნული სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დღის საბოლოო შედეგების დაზუსტებული ინფორმაციით, “ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს” ხმების 47.6% აქვს.

მსგავსი თემები