“საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია” – რუსეთის საგარეო უწყება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას, – ამის შესახებ აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, ამ შეთანხმებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის.

“პრაქტიკული თვალსაზრისით, რუსულმა, აფხაზურმა და სამხრეთ ოსურმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და მის მეზობლებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე არსებითი მუშაობის განახლების მნიშვნელობას. ამ დოკუმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებისთვის. მისი აქტუალობა განსაკუთრებით იზრდება აშშ-სა და ნატოს სამხედრო აქტივობის ზრდის გათვალისწინებით საქართველოსა და რეგიონში. სამწუხაროდ, საქართველოს დელეგაციამ კვლავ ვერ გამოავლინა კონსტრუქციული მიდგომა ამ საკითხის განხილვაში,”- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დისკუსიების მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ საოკუპაციო ხაზზე არსებული ვითარება, ზოგადად, მშვიდია.

„რუსეთმა მოუწოდა ყველა დაინტერესებულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება, მოძებნონ საერთო ენა დიალოგის გზით არსებულ მოლაპარაკებათა ფორმატში, მათ შორის ერგნეთსა და გალში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების“ ფარგლებში,”- აღნიშნულია რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 51-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს გაიმართა.

მსგავსი თემები