პოლიციამ სამეგრელოში 509 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო

სამეგრელოს პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა, ამოღებულია 509 აბი „სუბუტექსი“, – ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი – 1981 წელს დაბადებული ლ.ჩ. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული თბილისში, საკუთარი ავტომობილით გადაადგილების დროს დააკავეს. მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 115 აბი ამოიღო, ხოლო ფოთში, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 394 აბი „სუბუტექსი“, – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები