ელექტროენერგიის სექტორში 1,261,585,389 ლარის ინვესტიცია განხორციელდება

სემეკმა  ქვეყნის ელექტროენერგიით საიმედო და უწყვეტი მომარაგებისათვის აუცილებელი ინვესტიციები შეითანხმა –  ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად 1 მილიარდ ლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებენ.   

სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიების  – სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე განიხილეს სატარიფო საკითხები, ელექტროენერგიის უწყვეტი  მიწოდებისათვის განსახორციელებელი აუცილებელი საინვესტიციო გეგმები და ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებლები.

 ამასთანავე, სემეკის საჯარო სხდომაზე კომისიამ განიხილა და შეითანხმა ელექტროენერგიის გადაცემის და განაწილების ლიცენზიატებისა (სისტემის ოპერატორების) და ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატების მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები.  პროექტები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში განხორციელდება, მიზნად ისახავს ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობისა და საიმედოობის, მომსახურების ხარისხის სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებას, ელექტროენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციას.  კომპანიები მომდევნო წლებში ჯამურად 1,261,585,389 ლარს განახორციელებენ.

სს „თელასი“   2021-2025 წლებში სულ 87,358,462 ლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯია“  – 424,693,211 მილიონ ლარს. გამანაწილებელი კომპანიების საინვესტიციო პროექტები მოიცავს ქვესადგურების, საჰაერო გადამცემი ხაზების, საკაბელო მეურნეობების და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის სხვა კომპონენტების  მშენებლობას, რეაბილიტაციას და რეკონსტრუქციას, რაც აუცილებელია მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის   საიმედო და უწყვეტი მიწოდებისთვის. 

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ სულ 464,199,775 ლარის ინვესტიციის განხორციელებაა დაგეგმილი. სემეკთან შეთანხმებული გეგმის შესაბამისად განხორციელდება შემდეგი პროექტები: ორჯაჭვა 220 კვ ეგხ “ოდიში 1,2” (ჯვარი-ხორგა 60 სმ სიგრძის  ხაზი, ორჯაჭვა 220 კვ ეგხ შუახევი-ახალციხე, 90 კმ სიგრძის ხაზი,  500 კვ ეგხ ლაჯანური-წყალტუბო, 220/110 კვ ქ/ს „ოზურგეთი“ და ა.შ.

ელექტრონერგიის წარმოების ლიცენზიატების გეგმების მიხედვით, სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ (რიონჰესი, ლაჯანურჰესი, გუმათჰესების კასკადი, ძევრულჰესი) 2020-2022 წლების საინვესტიციო მოცულობა 112,195,987 ლარს შეადგენს. კერძოდ, 2020 წელს ფაქტობრივი მონაცემებით განხორციელდა 6,699,049 ლარის ინვესტიცია, 2021 წელს განხორციელდება 64,203,260 ლარის, ხოლო 2023 წელს – 41,293,676 ლარის ინვესტიცია. სს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ საინვესტიციო პროექტების შესაბამისად, გეგმის ფარგლებში გენერაციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. 

შპს „ენგურჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 150 მილიონ ლარამდეა. სემეკთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით, ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი მიმართულია ენგურჰესის რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებაზე.  შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 12,800,00 ლარს შეადგენს, რომელიც ითვალისწინებს ჰიდროაგრეგატების და ტრანსფორმატორების შეცვლა-განახლებას .  

შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში არსებული „ჟინვალჰესის“ 2020-2022 წლების ჯამური საინვესტიციო გეგმა 10,337,954 ლარია. საინვესტიციო პროექტებით განსაზღვრულია როგორც ჟინვალჰესის გამყვანი გვირაბის რეაბილიტაცია, ისე ჰიდროაგრეგატების კაპიტალური შეკეთება, ჰიდროტექნიკური ნაგებობებისა და ძალოვანი დანადგარების შეცვლა-განახლება. 

მსგავსი თემები