ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით ხვალ მემორანდუმს გააფორმებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხვალ, 11 დეკემბერს პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიულ სიებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები 12:00 საათზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეიკრიბებიან, სადაც გადაწყვეტილების გაფორმება მოხდება.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ხსნის „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს 4 რაუნდი უშედეგოდ დასრულდა.

ინფორმაციისთვის, ოპოზიციურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსაყვანად ხელისუფლებას წინადადებათა პაკეტი შესთავაზა. 4-დან 2 პუნქტზე, რომელიც საარჩევნო სისტემის და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას გულისხმობს, დისკუსია გახსნილია, თუმცა ხელისუფლება წითელ ხაზად ტოვებს ვადამდელი არჩევნების საკითხს, რომელიც ოპოზიციური სპექტრისთვის საკვანძო მოთხოვნაა. „ქართული ოცნება“ ასევე გამორიცხავს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

მეხუთე რაუნდი ფასილიტატორების ჩართულობით სავარაუდოდ, ორშაბათს გაიმართება.

მსგავსი თემები