“ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს” – კარლ ჰარცელი

“ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს,” – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, გუშინ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შედგა დიალოგის მორიგი რაუნდი და მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული.

„ვფიქრობ, გასული ორი დღის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ამასთან, ჩვენ ვიცით, რომ ეს დისკუსიები რთულად მიმდინარეობს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ შევძელით საერთო ენის გამონახვა მომავალ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რაც ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადამწყვეტია, რომ მომდევნო არჩევნების დროს იმაზე ნაკლები ხარვეზი ვიხილოთ, ვიდრე წინა არჩევნებზე ვნახეთ. ეს კარგი ამბავია. სხვა საკითხები რჩება მაგიდაზე. ბევრი მათგანი ჯერ გადაუწყვეტელია. ჩვენ ვნახავთ, რამდენად შესაძლებელია წინ წაწევა. ყველა მხარე ერთგულია დიალოგის გაგრძელების და ხვალ ვნახავთ რამდენად შესაძლებელია ჯერ კიდევ პროგრესის მიღწევა, ვიდრე პარლამენტი მუშაობას დაიწყებს. სხვა საკითხებს რაც შეეხება. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება. როგორც თქვენ მოისმინეთ დიალოგის მონაწილეთა კომენტარებიდან, საბოლოოდ სწორედ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, ეს მარტივი პროცესი არ იქნება. როგორც ვთქვი, ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს, რათა ვნახოთ, თუ იქნება შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა ხვალ ან ნებისმიერ სხვა დროს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები