„განადგურებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ ფერმებად იყენებდნენ“ – ალი ბაბაევი

„აზერბაიჯანმა 30 წლის განმავლობაში ოკუპირებული ტერიტორია დაიბრუნა.  წლების განმავლობაში, კონფლიქტის მოგვარების გზა არ ჩანდა. ომისთვის პროვოცირება თავად სომხეთის ხელისუფლებამ მოახდინა ფაშინიანის ხელმძღვანელობით. ომმა არაერთი დედა და ოჯახი გაამწარა ორივე მხრიდან. არადა, შეიძლებოდა საკითხის  მშვიდობიანი გზით მოგვარება“ – ეს განცხადება „საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავართან“ გააკეთა.

როგორც ბაბაევი განმარტავს, დაბრუნებული სოფლები თითქმის განადგურებულია და განადგურებულია ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლებიც.   

„ყარაბაღი დღეს აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების  გზით დაიბრუნა. დღეს მიმდინარეობს რუსეთის სამშვიდობო ძალების დისლოკაცია “ლაჩინის კოლიდორში” და სტეფანაკერტის ტერიტორიაზე. ის ტერიტორია, რომელიც გათავისუფლებულია  დიდი ვანდალიზმითაა სავსე. მთლიანად განადგურებულია საცხოვრებლები. ასევე, ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები. მეჩეთებს ფერმებად იყენებდნენ, ასევე ქრისტიანული და ალბანური ძეგლები სულ განადგურებულია“ – განუცხადა ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებაა, ამ განადგურებული ძეგლების აღდგენა.  

„აზერბაიჯანის პრეზიდენტის დავალებით მიმდინარეობს ყველა ამ ძეგლის შესწავლა და ეს არის ერთ-ერთი დავალება, რომ მოხდეს მათი სრულად აღდგენა. ძალიან დიდი ინვესტიცია ჩაიდო ამ საკითხზე. ამით კონფლიქტი არ დასრულებულა, სანამ, მოსახლეობა, რომელიც 1990-იან წლებში იქნა დევნილი, უკან არ დაბრუნდება  და არ მოხდება სახელმწიფო იურისდიქციის აღდგენა“ – განუცხადა ბაბაევმა „მედიაცენტრ მთავარს“.    

მსგავსი თემები