“რადიკალურ ჯგუფს ვხედავთ, რომელიც ზეწოლას ახდენს მხარეებზე, რომ ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ” – არჩილ თალაკვაძე

“პარლამენტის პირველი სხდომა რა შემადგენლობით გაიმართება დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მხარეებს შორის პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს.

“11 დეკემბერს გაიმართება მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა თუ რა შემადგენლობით – ეს დამოკიდებულია პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა დაეფუძნოს დიალოგის შედეგებს. დიალოგი ჯერ არ დასრულებულა. დღეს ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი ნაბიჯი პოზიციების დასაახლოვებლად, ამიტომ უნდა დაველოდოთ დიალოგის დასრულებას, ჩვენ დაგვრჩა კიდევ ორი დღე ამისათვის. ჩვენ ბოლო დღეებში გარკვეული რადიკალური ჯგუფს ვხედავთ, რომელიც მედიაში გაკეთებული კომენტარებით ზეწოლას ახდენენ მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეებზე, რომ მათ მოლაპარაკების ყველა დეტალი წინასწარ გაასაჯაროვონ, რაც მოგეხსენებათ არამარტო საქართველოში, არამედ საერთაშორისო მოლაპარაკებებშიც კი ასეთი პრაქტიკა არ არის მიღებული. მოლაპარაკებები, როდესაც მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ბაზისურ ინფორმაციას ვაწვდით საზოგადოებას, მაგრამ დეტალები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც დასრულდება მოლაპარაკება. პოზიციები არის დაახლოებული და არის ალბათობა, რომ შეთანხმება შედგეს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები