„გრიპისა და კორონავირუსის განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„გრიპისა და კორონავირუსის კლინიკური განსხვავება პრაქტიკულად შეუძლებელია. ნიშნები, რომელიც ახასიათებს გრიპს – მაღალი ტემპერატურა, ხველა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ანალოგიური ნიშნებია, რაც ახასიათებს კორონავირუსს“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ თსსუ-ის პროფესორმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

როგორც პროფესორი განმარტავს, კორონავირუსის შემთხვევაში, მდგომარეობა შესაძლოა მე-7-ე  ან მე-10-ე დღეს შეიცვალოს.  

„უმნიშვნელო განსხვავება შეიძლება იყოს ისეთ სიმფტომში, როგორიცაა ნაწლავთა მოქმედების გახშირება, მუცლის ტკივილი, ღებინება, რომელიც კორონავირუსს ახასიათებს და ბავშვებში, განსაკუთრებით 1/3-ს აღენიშნება.  გარდა, ამისა, მოზრდილებისთვის ერთ-ერთი დამახასიათებელია ყნოსვისა და გემოს დაკარგვა. ეს ახასიათებს სხვა ვირუსებსაც, მაგრამ, არა ისეთი სიხშირით, როგორც კორონავირუსს. სიმპტომებს შორის შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ორი განსხვავება. ასევე, მნიშვნელოვანია დაავადების მიმდინარეობა. გრიპის დროს დაავადება იწყება უეცრად, თავიდანვე მაღალი ტემპერატურით, თავის ტკივილით, საერთო სისუსტით. კორონავირუსს კი ახასიათებს საერთოდ ერთკვირიანი პერიოდი, როდესაც დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად, ტემპერატურა დაბალია, აღინიშნება გაციების მსგავსი სიმფტომატიკა და შესაძლებელია მდგომარეობა მე-7 მე-10 დღეს მკვეთრად შეიცვალოს სუნთქვის გაძნელების, ტემპერატურის მატების თუ ასე შემდეგ“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

როგორც მედიკოსმა განმარტა, მას კორონავირუსს შემპარავი მიმდინარეობა ახასიათებს. ხოლო,  მას შემდეგ, რაც გრიპის ვირუსი გამოჩნდა, გრიპისა და კორონავისურის განსხვავება შეუძლებელია, რაც დამატებითი სირთულეა.         

მსგავსი თემები