“ახლა 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ” – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ ვიღაცებს ალბათ აქვთ ცდუნება, შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ ეშინიათ მორალური პოლიციის, საზოგადოების. ამის შესახებ ნიკა მელიამ ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომელიც „ლელოს“ ოფისში იმართება.

ნიკა მელია აცხადებს, რომ ახალი არჩევნებისა და პატიმრების საკითხის გარეშე საარჩევნო სისტემაზე საუბარი დროის ფუჭი კარგვაა.

„ცალკეული საუბრები ალბათ არის, ახლა 60 ადამიანზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეთ. მაგრამ იცით, რა პარალელს გავავლებდი?! მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქრთამის აღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის, კანონის, რომ არ დაისაჯოს. აქაც ალბათ ვიღაცებს აქვთ ცდუნება, სურვილი, რომ შევიდნენ, მაგრამ ეშინიათ ამ შემთხვევაში მორალური პოლიციის, საზოგადოების, ვის წინაშეც ვართ ჩვენ ანგარიშვალდებული.

ვერავისზე 100 პროცენტით თავს ბუნებრივია ვერავინ ვერ დადებს. მე ვარ დარწმუნებული, რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ, თუ მაინც და მაინც მეკითხებით, ვინმე აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას, რომ გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხომ არ ვარ მე?!

სამი მთავარი მოთხოვნა არის. ერთი არის ახალი არჩევნები, პატიმრები და საარჩევნო სისტემა. ახლა პირველი ორის გარეშე, მესამეზე მიმდინარეობს საუბარი ახლა პრაქტიკულად. პირველი-მეორე კომპონენტის გარეშე, პატიმრებისა და ახალი არჩევნების გარეშე, მე პირადად მესამე კომპონენტზე საუბარი მიმაჩნია დროის ფუჭად კარგვად“, – აცხადებს ნიკა მელია.

მსგავსი თემები