“ჩვენთვის წითელი ხაზები არსებობს” – ირაკლი კობახიძე მოლაპარაკების პროცესზე

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართული დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იყო და იმედის იტოვებს, რომ პარლამენტის პირველ სხდომამდე შეთანხმება შედგება.

„განწყობა იყო საქმიანი. საქმიანად განვიხილეთ ყველა საკითხი. შეიძლება ზოგიერთებს პესიმისტური განწყობა აქვთ, მაგრამ ჩემი განწყობა ოპტიმისტურია.დეტალებზე დღესაც ვერ ვისაუბრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ პირობაზე ვართ შეთანხმებული. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ელჩებს, რომლებიც ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ პროცესში. შეხვედრა, სავარაუდოდ, ხვალაც შედგება. დიდი იმედი გვაქვს ეს პროცესი შეთანხმებით დასრულდება. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენთვის „წითელი ხაზები“ არსებობს.

ეს „წითელი ხაზები“ უკავშირდება არჩევნებს. რაც შეეხება ოპტიმიზმის საფუძველს, დროც არ არის ბევრი დარჩენილი, ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ საბოლოოდ, ყველა პოლიტიკური პარტია იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც საჭიროა ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, – განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ამერიკის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას მმართველი გუნდიდან ორი წარმომადგენელი – ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე ესწრებოდა. როგორც კობახიძემ განმარტა, მმართველი გუნდისთვის გამონაკლისი დაუშვეს და ამიტომ, „ქართული ოცნების“ სახელით, დღევანდელ შეხვედრას ორი წარმომადგენელი დაესწრო.  

მსგავსი თემები