“განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხლავს” – არჩილ თალაკვაძე

“დღევანდელი შეხვედრა არის შეთანხმებისკენ წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩვენ შევძელით და კიდევ ერთხელ დავაახლოვეთ პოზიციები ისეთ საკითხებზე, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს შორის გრძელვადიან თანამშრომლობას ემსახურება” – ამის შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხილავს.

“ეს შეხვედრა ემსახურებოდა პოზიციების კიდევ უფრო დაახლოებას იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რაც პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას და ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის შემდგომ გრძელვადიან თანამშრომლობას უკავშირდება , რაც დღეს ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება. მე მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ელჩებს, რომლებიც ფასილიტაციას უწევენ ამ მნიშვნელოვან დიალოგს და იმედი გამოვთქვა, რომ შემდეგ შეხვედრაზე ჩვენ შევძლებთ პოზიციების ისე შეჯერებას, რომ შესაძლებელი გახდება შეთანხმება და პარლამენტის მრავალპარტიული ფუნქციონირება.

განმეორებით არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უკვე საჯაროდ დავაფიქსირეთ არაერთხელ და რასაკვირველია ეს არ შეიცვლება. განმეორებით არჩევნებს “ქართული ოცნება” არ განიხილავს. ჩვენ ამაზე შეთანხმებას არ ვგეგმავთ.

პანდემიიის მიუხედავად, 2 მილიონამდე ჩვენმა მოქალაქემ გააკეთა თავისი არჩევანი 2020-ის საპარლამენტო არჩევნებში და არ გვაქვს საფუძველი ეჭვქვეშ დავაყენოთ მათი არჩევანი. ჩვენ ჩვენი საჯარო პოზიცია ამასთან დაკავშირებით უკვე დავაფიქსირეთ, განმეორებით არჩევნებს ან მასთან დაკავშირებულ რაიმე ვერსიას, მათ შორის პლებისციტს “ქართული ოცნება” არ განიხლავს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მსგავსი თემები