„კოვიდ ჰოსპიტლის“ მძარცველებს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ძარცვისთვის დაკავებულებს ბრალი ოფიციალურად წარუდგინა. მათი ჩხრეკისას ნარკოტიკებიც ამოიღეს.  

„2020 წლის 1 დეკემბერს, ქ.თბილისში, ვარკეთილი 3-ის მე-4 მიკრორაიონში, ცეცხლსასროლი იარაღითა და სანადირო თოფით შეირაღებული ი.წ და ვ.ნ., რომლებიც გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, შპს „ზღვის ჰოსპიტალს“ დაესხნენ თავს, რა დროსაც იარაღის გამოყენებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაცვის თანამშრომელს რ.ლ-ს ჰოსპიტალის კარის გაღება მოსთხოვეს. რ.ლ.-მ მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც თავდამსხმელებმა სამი გასროლა განახორციელეს, მათ შორის ვ.ნ-მ ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, მოკვლის განზრახვით, რ.ლ-ს მიმართულებით გაისროლა, თუმცა დაზარალებულს ტყვია ასცდა და მან გაქცევა და დამალვა შეძლო.

აღნიშნულის შემდეგ ორივე თავდამსხმელმა ჰოსპიტალის მიმღებში შეაღწიეს, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ სალაროში არსებულ 3 559 ლარს და გ.ჯ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა 2020 წლის 3 დეკემბერს ი.წ გურჯაანის რაიონში, ხოლო გ.ჯ და ვ.ნ დუშეთის რაიონში დააკავეს. გ. ჯ-ს პირადი ჩხრეკისას პოლიციის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით 0,502 გრ. ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს“ – ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 6-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ სამივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსგავსი თემები