დაინფიცირებული ტაქსის მძღოლი და თანმხლები პირი დააჯარიმეს

  •  

შსს-ს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დღეს, ორი კოვიდინფიცირებული მოქალაქე – ტაქსის მძღოლი და მასთან ერთად მყოფი პირი დააჯარიმეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1966 წელს დაბადებული ბ.ჭ. და 1960 წელს დაბადებული ბ.ჩ. კორონავირუსით ინფიცირებულები არიან და კოვიდაღრიცხვაზე 27 ნოემბრიდან იმყოფებიან.

„ორივე კოვიდინფიცირებული პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 2000– 2000 ლარით დაჯარიმდა, რის შემდეგაც ისინი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, “კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები