ცესკო-ს სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენელმა პროტესტის ნიშნად დატოვა

ცენტრალური საარჩევნო კომიისიის დღევანდელი სხდომა ოპოზიციის სამმა წარმომადგენლემა დატოვა. დავით კირთაძემ, დავით გურგენიძემ და ხათუნა სხირტლაძემ პროტესტის ნიშნად დატოვეს სხდომა, სადაც ამ წუთებში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმების წარდგენა ხდება.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა, შედეგები  გაყალბებულია და ფარსში მონაწილეობას არ მიიღებენ.

„თქვენ მიერ ჩატარებული 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო გაყალბებული. ეს არჩევნები ჩატარდა შანტაჟით, დაძალებით, მოსყიდვით, ყოვლად უსამართლოდ და გაუმჭვირვალეთ. დღევანდელ კრებაში მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან დარწმუნებული ვარ, ამ სიყალბით სავსე ოქმებს ხელს მაინც მოაწერთ“, – განაცხადა ცესკო-ს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, დავით კირთაძემ.

სხდომის დატოვებამდე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, დავით გურგენიძემ კედელზე წარწერა: „არჩევნები გაყალბებულია“ გააკრა.

მსგავსი თემები