მილიონობით “გადაყრილი” თანხა და განადგურებული საახალწლო დეკორაციების ბიზნესი

ბიზნესი, რომელსაც განსაკუთრებით ერთ თვეს – დეკემბერი უნდა ემუშავა, გაიყინა. მთავრობის ახალმა რეგულაციამ და ჩაკეტვამ საახალწლო დეკორაციები დაასაწყობა, მათში გადახდილი მილიონები კი ამ ბიზნესით დაკავებულების თავის ტკივილი და გაკოტრების წინაპირობა გახდა.

ამ საქმით დაკავებულები მხოლოდ ერთადერთს ითხოვენ – იმისი საშუალება მაინც მისცენ, რომ ტვირთი, ყოველგვარი წესების დაცვით, არა საცალოდ, არამედ ქსელურად მაინც გაყიდონ. ისინი პრემიერ-მინისტრს მიმართავენ და დახმარებას ითხოვენ.   

„თუ არსებული რეგულაციები არ შეიცვალა,  საახალწლო დეკორაციების ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. გავკოტრდებით და წარმოუდგენელია ფეხზე დადგომა.  ეს არის ბიზნესი, რომლისთვისაც  სწორედ რომ დეკემბრის თვეა გადამწყვეტი. ძირითადი პროდუქციის რეალიზაცია სწორედ 16 დეკემბრამდე უნდა მოხდეს. კონკრეტულად ჩემი საქმიანობა არის სპეციფიკური და არანაირი შეხება არ აქვს ფართო მასებთან. კერძოდ – საუბარია საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის გაცემაზე. ძირითადი შემკვეთები კი სწორედ იმ რეგიონებიდან არიან, სადაც აკრძალვა არ მოქმედებს. კონკრეტული სუბიექტები თუ ოპერატორები გვიკვეთავენ პროდუქციას, ვუმზადებთ, მოდიან საწყობში და ხდება ტვირთის გაცემა. საუბარი არ არის საცალო ვაჭრობაზე და ფართო მასებთან კომუნიკაციაზე“ – აცხადებენ სექტორში დასაქმებულები.

მათი თხოვნაა, 10 დეკემბრიდან მაინც მისცენ მუშაობის შესაძლებლობა, რომ გაკოტრებას გადაურჩნენ.

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული სპეციფიკა. აღნიშნული საახალწლო დეკორაციები განკუთვნილია კონკრეტულად 2021 წლისთვის. თუ ტონობით პროდუქციის რეალიზაცია მიმდინარე წლის დეკემბერში არ მოხდა, ის მომავალ წელს ვერ გამოდგება. აღნიშნული პრობლემის გარდა, პირდაპირ ვართ დაკავშირებული ბანკთან. ბანკმა რამდენიმე თვიანი საშეღავათო პერიოდი რომც მომცეს, შედეგი ვერ იქნება, რადგან საახალწლო დეკორაციების რეალიზაცია დეკემბრის გარდა, სხვა პერიოდში არ ხდება. ვითვალისწინებთ შექმნილ რეალობას და მხარდაჭერას ვუცხადებ სახელმწიფო პოლიტიკას. შესაბამისად, დავხურეთ ყველა მაღაზია. გთხოვთ მხოლოდ ერთს – მოგვცეთ ნებართვა, საწყობიდან გავცეთ შეკვეთილი პროდუქცია ყველანაირი წესების დაცვით“ – აცხადებენ საახალწლო დეკორაციების ბიზნესით დაკავებულები.      

მსგავსი თემები