პრემიერ-მინისტრმა შსს-ს დაავალა, მაქსიმალური სიმკაცრით აღასრულოს  წესები

  •  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა,  მაქსიმალური სიმკაცრით იყოს აღსრულებული ის წესები, რომელიც დადგენილია მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას.

„ყველაფერთან ერთად, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს 2 თვიანი გეგმა შეზღუდვების, ინტენსიფიკაცია ტესტირების, ეს ყველაფერი მიმართულია იმისთვის, რომ ჩვენ, ეფექტურად, 2 თვეში შევაჩეროთ ვირუსის გავრცელების სისწრაფე. რა თქმა უნდა, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია 2 თვეში ვირუსის გავრცელების კრიტიკული შემცირება, თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო და არის ვირუსის გავრცელების სისწრაფის შეჩერება, ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა დავიცვათ ის კანონები და შეზღუდვები, რომლებიც უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთი, დავიცვათ ჩვენი მოხუცები. რა თქმა უნდა, ქვეყანაში არავინ და არასდროს არ შეზღუდავს არც გამოხატვის თავისუფლებას, არც სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ის მოთხოვნები, რომელსაც დღეს გვიყენებს კანონი, ეპიდემიოლოგები და ექიმები, არ არის ისეთი რთული. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ, როგორც ჩვენი გამოხატვის თავისუფლება, ამასთან ერთად, დავიცვათ ელემენტარული წესები. არ არის რთული პირბადის ტარება და ეს წესები, რა თქმა უნდა, ეხება ყველას და მე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვთხოვო, ის წესები, რომელიც დადგენილია, როგორც მთავრობის, ეპიდემიოლოგების და ექიმების მხრიდან და რომელიც არანაირად არ უშლის ხელს გამოხატვის თავისუფლებას, აღსრულებული იყოს მაქსიმალური სიმკაცრით. ეს არის პირველი მოთხოვნა ჩვენი მოქალაქეების და ჩვენ, პირველ რიგში, უნდა დავიცვათ მათი ჯანმრთელობა და ხელი უნდა შევუშალოთ ვირუსის გავრცელების სისწრაფეს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები