პოლიციელებზე ძალადობის მოწოდებისთვის პოლიტიკოსი დააკავეს

ირაკლი ოქრუაშვილის თანაპარტიელი ასლან ვაშაყმაძე დაკავებულია. დაკავების მიზეზი  ვიდეომიმართვა გახდა, სადაც ვაშაყმაძე  მოქალაქეებს პოლიციელების მიმართ ძალადობისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30 ნოემბერს, ა.ვ.-მ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც მან მოქალაქეებს საჯაროდ მოუწოდა პოლიციის წარმომადგენლის მიმართ ძალადობისკენ. სოციალური ქსელი “facebook”-ის საშუალებით განხორციელებულ Live-ჩართვაში ა.ვ. აღნიშნავდა, რომ საჭიროა მოქალაქეებმა ერთ-ერთი პოლიციელი შეიპყრონ და სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებები მიაყენონ.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 239-ე პრიმა მუხლით და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.

„აღნიშნული გამოძიების ფარგლებში უწყების გადასაცემად და მოწმის სახით საგამოძიებო უწყებაში დასაბარებლად, მიმდინარე წლის 2 დეკემბერს, პოლიციის თანამშრომლები ქალაქ ფოთში შეხვდნენ ა.ვ.-ს, რა დროსაც ის თავს დაესხა სამართალდამცველებს და მიაყენა ფიზიკური დაზიანებები. ძალადობრივი ქმედებისკენ საჯაროდ მოწოდების და პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე პრიმა მუხლით და 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები