“ხორბალი მსოფლიო მასშტაბით გაძვირდა, ჩვენთან 2 თვის მაგარი არსებობს” – ლევან სილაგავა “მედიაცენტრ მთავარში”

“საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ბუნებრივი აირის დაანონსებული ზრდა პურის მწარმოებლებზე არ აისახება. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხორბლის ფასი მსოფლიო მასშტაბით გაძვირებულია, რაც საქართველოზეც აისახება.

„გაზის ტარიფის ზრდა პურის მწარმოებლებზე ასახული არ არის. შესაბამისად, აქ არის გამონაკლისი და ამ შემთხვევაში, პურის მწარმოებლები დღეს ამაზე დამოკიდებულები აღარ იქნებიან. “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ მსოფლიო ბაზარზე ტენდენციები საკმაოდ პრობლემურია, ანუ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. იმის გათვალისწინებით, რომ მთელ მსოფლიოში 8 ქვეყანა არის, რომელიც მსოფლიოს ხორბალს აწვდის, ეს არის – აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. შესაბამისად, აქედან 6 ქვეყანაში არის პრობლემა- მოუსავლიანობა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოქმედებს. მეორე ფაქტორი არის ის, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს და მეორე ტალღის მოლოდინში სასურსათო უსაფრთხოების პრობლემები შეიქმნა ქვეყნებში. ახლა აჟიოტაჟურად ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში“, – განაცხადა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში.“

მისივე შეფასებით, ბუნებრივია, რომ ხორბლის ფასზე უარყოფით გავლენას ლარის კურსის დოლართან მიმართება ახდენს. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ქვეყანაში ორი თვის მარაგი არსებობს.

მსგავსი თემები