საახალწლო დეკორაციები – კიდევ  ერთი განადგურებული და განწირული ბიზნესი

საახალწლო დეკორაციებზე აწყობილი ბიზნესი ჩავარდა. ადამიანები, ვინც ამ საქმით იყვნენ დაკავებულები, ბანკის ვალები აიღეს, მთელი თანხა საახალწლო აქსესუარებში ჩადეს, ტვირთი ჩამოიტანეს, განაბაჟეს და მაღაზიები გაავსეს, დღეს ისევ დასაწყობებულია. არადა ვალები ბანკებში მზარდია და ბიზნესი განწირული.

„მედიაცენტრი მთავარი“ ამ საქმით დაკავებულ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი სამუშაო ძირითადად ერთი თვით შემოიფარგლებოდა და სწორედ ეს ერთი თვე დაუკეტა მათ მთავრობამ.

„ჩემი ბიზნესი დაკავშირებულია საახალწლო დეკორაციებთან. უცხოეთიდან ტვირთი ჩამოვიტანეთ, ვემზადებოდით ახალი წლისთვის, გავხსენით მაღაზია და სწორედ დეკემბრის თვეში უნდა მომხდარიყო ამ ტვირთის რეალიზაცია. ძალიან დიდი თანხა ჩაიდო ამ ყველაფერში, თუმცა, გავიხსენით თუ არა, დაგვხურეს. საახალწლო აქსესუარები თუ ახლა არ გაიყიდა, 24- დეკემბერს რომ გაგვხსნიან, 5 დღეში რა უნდა გავყიდოთ. ტვირთი როგორც ჩამოვიტანეთ ისე დავასაწყობეთ და ვართ ასე, მთავრობის გადაწყვეტილების მომლოდინე. ეს არის ადამიანების გაწირვა, სხვა არაფერი“ – აცხადებს საახალწლო დეკორაციების ბიზნესით დაკავებულები „მედიაცენტრ მთავართან“.

ამ სფეროში დასაქმებულები ითხოვენ, რომ  მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალოს და საბითომო ქსელს მაინც მისცეს ტვირთის საწყობიდან გაყიდვის შესაძლებლობა, რადგან, თუ საახსლწლო ინვენტარი დეკემბრის თვეში არ გაიყიდა, ძალიან ცუდად ექნებათ საქმე.

„ის გადაწყვეტილება, რაც მთავრობამ მიიღო არ არის ადამიანებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება. კარგად გამოჩნდა, რომ სახელმწიფო არ დგას ხალხის გვერდით, პირიქით. წარმოგიდგენიათ, რა უნდა ვუყოთ ამდენ ტვირთს, რომელიც მხოლოდ საახალწლოა და სხვა დროს ვერ გამოიყენებ. აქსესუარები 2021 წლისთვისაა განკუთვნილი და მას ვერც მომავალ წელს გამოიყენებ. რა გავაკეთოთ გვითხრას მთავრობამ, გვირჩიოს  რამე და ხმას არ ამოვიღებთ. ვინმემ იფიქრა ჩვენზე, ასე ხელაღებით რომ მიგვკეტეს?“ – აცხადებენ საახალწლო დეკორაციის ბიზნესით დაკავებულები და მთავრობას მიმართავენ, გადაწყვეტილება შეცვალოს.     

მსგავსი თემები