“რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ“

“რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა და აღნიშნა, რომ საჭიროა, შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. ჩვენი პასუხი იყო – ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად. შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ რუსი ტურისტების მიმართ რუსოფობიული გამოხტომების ვერც ერთ ფაქტს ვერ დაგვისახელებთ“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან ონლაინ-შეხვედრასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინს გუშინ ესაუბრა. მისი თქმით, შეხვედრაზე დღის წესრიგისგან გადახვევა მოუწიათ.

„პრაღის ფორმატი, სადაც მიმდინარეობს არაფორმალური დიალოგი რუსეთის მხარესთან, შექმნილია უმთავრესად პრაქტიკული საკითხების – სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, სატრანსპორტო კავშირების, გარკვეული ჰუმანიტარული თემების განსახილველად. ამჯერადაც, დღის წესრიგით ჩვენ ამ საკითხების განხილვა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ხშირად, ვიდრე ჩვენი დღის წესრიგის განხილვაზე გადავალთ, ჩემი ინიციატივით განსახილველად ვაყენებ იმ თემებს, რაც ყველაზე მწვავეა და საქართველოში ყველაზე უფრო გვაწუხებს და ეს რა თქმა უნდა, დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებთან“ – განაცხადა აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

„ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს სორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მსგავსი თემები