თბილისში, კუს ტბასთან მიმდინარე უნებართვო მშენებლობა შეჩერდა

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო  მშენებლობა შეაჩერა. მშენებლობასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიას ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა.

ვითარებას ადგილზე გაეცნო თბილისის მერი კახა კალაძე და განაცხადა, რომ მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს, ამიტომ მისთვის და მისი გუნდისთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავს ადგილებში  მშენებლობა.

კახა კალაძემ, თავის მოადგილეებს დაავალა შეხვდნენ მესაკუთრეს და საკითხი ცივილურად მოაგვარონ, რათა მისი, როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის ინტერესები არ დაზარალდეს.

“ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი, რომ კუს ტბის ტყის მიმდებარედ, შუაგულ ტყეში, რესტორან “ოტიუმის” პირდაპირ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები, რაც ძირითადად, საძირკვლის ამოთხრას მოიცავდა.  რეაგირება მაშინვე მოხდა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა შეაჩერეს ეს უკანონო მშენებლობა. არსებობს პრინციპები, რასაც არ უნდა გადავაბიჯოთ და შესაბამისად თავს ვერ დავუხრით. უამრავი ადგილი გვაქვს ქალაქში, სადაც უნდა განხორციელდეს სწორად მშენებლობა”, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივ მცხოვრებლებსა და ყველა ადამიანს, რომელმაც პროტესტი გამოხატეს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით და მერია საქმის კურსში ჩააყენეს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მანამდე, სასტუმრო კომპლექსის აშენების ნებართვა გაიცა, რომელიც თბილისის ახალმა ხელისუფლებამ შეაჩერა.​

მსგავსი თემები