საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა

საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით, ცხრა პოლიტიკურმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა, მათ შორის ის პარტიებიც არიან, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

“ჩვენ არასდროს არ დაგვიმალავს, რომ ვაპირებთ ამ თანხის მოთხოვნის გაგზავნას. ეს ხმები ჩვენ მოგვცა ამომრჩეველმა იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეცვალა “ქართული ოცნება”, შეგვეცვალა დღევანდელი რელობა. სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” წაართვა ეს შესაძლებლობა ამ არჩევნებით. ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ ბრძოლა იმისათვის, რომ დავუბრუნოთ ამ ხალხს თავისი არჩევანი და სწორედ ამას მოხმარდება ეს თანხები,“ – განაცხადა “ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ უმცირესობაში. ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ ბოიკოტის რეჟიმში უარს, როგორც პარლამენტში შესვლაზე, ასევე დაფინანსების მიღებაზეც ამბობენ.

“ჩვენი პარტია “მოქალაქეებს”, რომლებსაც ყველაზე მეტად გვჭირდება ფული, ბოლო კაპიკებით წარვმართეთ საარჩევნო კამპანია, ყველაზე მეტად გვჭირდება დაფინანსება, ჩვენ ვთქვით, რომ თუ ბოიკოტია, მაშინ არა მხოლოდ პარლამენტში არ შესვლაზე გვაქვს ბოიკოტი, არამედ საბიუჯეტო დაფინანსებაზეც. ესე გვესმის ჩვენ ბოიკოტი,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება “ლელოს”, პარტიის სამომავლო გეგმა ბადრი ჯაფარიძის თქმით, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. 

მსგავსი თემები