„იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება“ – მალხაზ მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის განხილვა, ევროპულმა სასამართლომ დაჩქარებული წესით დაიწყო და ამ ეტაპზე დავა მთავრობასთან კომუნიკაციის ბოლო ფაზაშია შესული.

მალხაზ მაჩალაკიშვილი თვლის, რომ ევროპული სასამართლო საბოლოოდ სიმართლეს დაადგენს.

როგორც მაჩალიკაშვილმა „მედიაცენრ მთავართან“ განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. ის იმ ადამიანების დასჯას ითხოვს, რომლებიც პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ:

„ევროპის სასამართლოს მიუხედავად იმის, რომ უამრავი საქმე აქვს თემირლანის საქმის განხილვა ნაჩქარევი წესით დაიწყო, რაც იმედის მომცემია. სახელმწიფოსგან მიწოდებული მტკიცებულებები აღმოჩნდა სიყალბე.

შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო, რომ ის ადამიანები დაისაჯონ, ვისაც თემირლანის სისხლში ხელები აქვს გასვრილი. მე პირდაპირ ამ ადამიანებს დავასახელებ, ესენი არიან: ირაკლი ჩიმაკაძე, სოსო გოგაშვილი, პაატა ჯაჭვაძე, ასევე ის 3 სპეცრაზმელი, რომლიც თემირლანის ოთახში იმყოფებოდა. ამის იქით, არიან ადამიანები, მაღალჩინოსნები, რომლებიც უნდა დაისაჯონ, ამაში ორი აზრი არ არის. ხელისუფლებები იცვლებიან, ხალხი იცვლება, დღეს თუ არა, ხვალ მაინც მოუწევთ ამ დანაშაულზე პასუხისგება. ევროპული სასამართლო თავის სიტყვას იტყვის და იმედი მაქვს, ამ დაუღალავ ბრძოლას, ამ მიწიერი ჯოჯოხეთის გავლას რაიმე აზრი ექნება,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“

შეგახსენებთ, რომ EMC-მა განაცხადი ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 6 ივნისს გააგზავნა. 2019 წლის 23 ოქტომბერს ევროპულმა სასამართლო უკვე დაიწყო კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. პანდემიის გამო პროცესის გადავადების გამო, მთავრობის პოზიციები ჩვენ 2020 წლის 1 სექტემბერს გვეცნობა. 2021 წლის 21 ნოემბერს EMC-იმ მთავრობის პოზიციებსა და პასუხებს უპასუხა და მისი წერილობითი დასაბუთება ევროპულ სასამართლოში წარადგინა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ევროპულ სასამართლოში წარდგენილ განაცხადში მოსარჩელეები, თემირლან მაჩალიკაშვილის მამა – ვახა მაჩალიკაშვილი, დედა – მედიკო (აიზა) მარგოშვილი, და – ნატა მაჩალიკაშვილი და ბებია ელენე მაჩალიკაშვილი დავობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (წამების, არაადამიანური და ღირსებისშემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლის (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) სავარაუდო დარღვევაზე.

მსგავსი თემები