“შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი აღიგვება პირისგან მიწისა” – შალვა ნათელაშვილი

აშშ-ის ელჩის რეზიდენცია ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა უკვე დატოვა. როგორც ელჩებთან შეხვედრის შემდეგ შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგს ელოდება.

“როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული, ამგვარი სახის მოლაპარაკებათა შინაარსის გამოტანა გარეთ დაუშვებელია. მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერი უცნობი, კარგად ცნობილი გახლავთ.

ჩვენი პოზიცია გახლავთ ის, რაც იყო დეკლარაციაზე ხელმოწერის დროს, პარლამენტი არ უნდა შედგეს, უნდა ჩატარდეს ხელახალი დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნები, უნდა გამოირიცხოს ძალაუფლების უზურპაცია, ხალხის ნების ფეხქვეშ გათელვა და საზოგადოებამ უნდა მიიღოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც თანაბრად იქნება ასახული ყველა ამომრჩევლის ხმა.

ევროპამ მიაღწია დიდი ბრძოლების შედეგად იმას, რასაც დღეს ვუწოდებთ ცივილიზებულ არჩევნებს, შესაბამისად, ევროპას კარგად ესმის, რა გზას ვადგავართ ჩვენ და რა ბრძოლებს და იმავდროულად, ჩვენ არ უნდა დაგვჭირდეს რევოლუციები და სამოქალაქო დაპირისპირებები, იმიტომ რომ ასეთი მოკავშირეები გვყავს.

ევროპელების მხარდაჭერა იქიდან იგრძნობა, რომ ფასილიტატორებად სხედან მაგიდასთან. ევროპელები ჩვენს მაგივრად ვერ იტყვიან უარს პარლამენტში შესვლაზე და ვერ წამოაყენებენ წინადადებებს, რომელიც ჩვენი წამოსაყენებელია.

მე პირადად შედეგს ველოდები და შედეგი იქნება ის, რომ ივანიშვილის რეჟიმი აღიგვება პირისგან მიწისა, ეს ქართველი ხალხის ნებით მოხდება და რა თქმა უნდა, ამას მიიღებს ცნობად მთელი დანარჩენი სამყარო,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

მსგავსი თემები