„თუ არ არის ჟანგბადის დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“ – კლინიკის ხელმძღვანელი

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის, დავით გადელიას განცხადებით, ხალხმრავალი თავყრილობები უნდა აიკრძალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვირუსის დაძლევა შეუძლებელია. ეს განცხადება დავით გადელიამ პრემიერ-მინისტრთა შეხვედრაზე გააკეთა.

„არანაირ პოლიტიკურ აზრს არ ვდებ ამაში, მაგრამ ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ჩვენთან ლეტალობის მაჩვენებელი ერთ პროცენტზე ნაკლებია და ერთ-ერთი წარმატებული ვართ სიკვდილობის მაჩვენებლით. ჩვენ ვითარებას ვმართავთ ჯერჯერობით, თუმცა თუ არ იქნება ყველა ადამიანის სოციალური პასუხისმგებლობა. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც”, – განაცხადა დავით გადელიამ.

დავით გადელია მიიჩნევს, რომ  პანდემიის მართვაში სასტუმროების მაქსიმალური ჩართულობა უნდა მოხდეს.

„განვიხილეთ ტრიაჟის საკითხი, თუ როგორ მოხდეს ავადმყოფების ეფექტური გადანაწილება. ნელ-ნელა ლაგდება სიტუაცია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას. ჩვენ ერთი კვირაა ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“ – განაცხადა გადელიამ.

მსგავსი თემები