საერთო ოპოზიციურ ფორმატში დღეს არც ერთი აქცია არ გაიმართება

  •  

დღეს, 21 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, საერთო ოპოზიციურ ფორმატში არც ერთი აქცია არ გაიმართება. შესაბამისი გადაწყვეტილება ოპოზიციურმა პარტიებმა გუშინ მიიღეს. მათი თქმით, არჩევნების მეორე ტურს პროტესტს იგნორირებით გამოუცხადებენ.

„ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში ვმსჯელობდით, როგორ გამოგვეხატა პროტესტი მეორე ტურთან დაკავშირებით, თუმცა საბოლოოდ, საერთო აზრი წამოვიდა, რომ ნებისმიერი სახის აქცია, რომელიც არ უნდა დაგეგმო, მაინც გარკვეულ მნიშვნელობას ანიჭებს მეორე ტურს, რაღაც პოლიტიკურ დატვირთვას ვაძლევთ თითქოს. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საერთოდ არანაირი აქცია არ გვქონდეს და იყოს სრული იგნორირება ამ დღის“, – განაცხადა გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად არ ცნობენ და მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ, 21 ნოემბერს, არჩევნების მეორე ტურის პარალელურად, თავდაპირველად საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდნენ.

მსგავსი თემები