“ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში” – კახა კალაძე ოპოზიციას

“ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე იყო იმგვარი ხარვეზები, თუმცა ამაზე პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას ერთნაირად ეკისრება. კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართავს და საერთო ენის გამონახვისკენ მოუწოდებს. ის ამბობს, რომ პარლამენტის ტრიბუნებიდან, ერთობლივად გაუმკლავდნენ ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. 

“2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორი პოზიტიურად აფასებს. დემოკრატიული სტანდარტით, ეს არჩევნები არ ჩამოუვარდებოდა რომელიმე წინა არჩევნებს და მეტიც, შეცვლილმა საარჩევნო სისტემამ არსებითად გააუმჯობესა პარტიების წარმომადგენლობის ხარისხი.

მიუხედავად ამისა, ნამდვილად გეთანხმებით, რომ იყო რიგი ხარვეზები და უზუსტობები.
იყო იმ ტიპის ხარვეზები, რომლებზეც ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად არიან პასუხისმგებლები. თუმცა, ცხადია, ხელისუფლებას მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დახვეწას და გამოსწორებას საჭიროებს. აქ სწორედ ახალმა, პლურალისტურმა და მრავალფეროვანმა პარლამენტმა უნდა შეასრულოს მთავარი როლი და ხარვეზების აღმოფხვრა თითოეული თქვენგანის ჩართულობით უნდა მოხდეს. 
როგორც იცით, პარლამენტში ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას არასდროს ჰქონია. გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!
ხალხის დაკვეთაა, პარლამენტი იყოს მრავალფეროვანი; ხალხის დაკვეთაა, პარლამენტის რიგებიდან ჩვენ ერთად შევეჭიდოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, ერთად ვებრძოლოთ COVID-19-ს, სიღარიბეს, ოკუპაციას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს. 

იქნებ, ვცადოთ და ერთმანეთის კრიტიკის პარალელურად, რაც ასევე დემოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეების კეთებაში გაერთიანებაც შევძლოთ. 

იქნებ ვცადოთ იმ პოლარიზაციის დასრულება, რომელიც დღეს გვაქვს და ნამდვილად არ მოსწონთ ჩვენს მოქალაქეებს, რადგან ყველას სტრესულ გარემოში ამყოფებს. 
მე კი, როგორც ქალაქის მერი, პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ძალ-ღონეს არ დავიშურებ ამისთვის. 

მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, მოვუსმინოთ ჩვენი მეგობრების (აშშ-ს, ეუთო-ოდირის და სხვ.) რჩევას, ნუ გავზრდით რისკებს ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც დღეს ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე დგას. 

ამიტომ, მინდა მივმართო ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს – ჩვენ უნდა მოვახერხოთ საერთო ენის გამონახვა, შევიდეთ პარლამენტში და პარლამენტის ტრიბუნიდან ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის საერთო გამოწვევებს, რადგან ამ ქვეყნის მომავალი ყველამ ერთად უნდა ვაშენოთ.” – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები