“ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია: ამ არჩევნების ამ ფორმით აღიარება დაუშვებელია” – თინა ბოკუჩავა

“ოპოზიცია საკუთარ პოზიციაში ერთიანია, რომ ამ არჩევნების, ამ ფორმით აღიარება არ შეიძლება და დაუშვებელია, რადგან არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ეს ერთიანი პოზიცია გადახედვას არ ექვემდებარება, “- ამის შესახებ ჟურნალისტებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია მოლაპარაკების პროცესზე.

“ოპოზიცია ახლა ჩართულია მოლაპარაკებებში “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორობების ფასილიტაციით, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის. საბოლოო შედეგი ამ მოლაპარაკების განსაზღვრავს იმას, თუ როგორ გაგრძელდება ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიციას კარგად ესმის, რომ აშშ-ისა და ზოგადად ჩვენი პარტნიორების სურვილი და მოლოდინი ნამდვილად არის, რომ ამ ქვეყანაში მუშაობდეს სამართლებრივი პროცესი და რომ ამ პროცესს კონკრეტული შედეგი მოჰქონდეს, მაგრამ ეს ასე არ არის და ეს ვიხილეთ მათ შორის მაშინ, როცა ყველა საჩივარი უკუაგდო საოლქო კომისიებმა. ჩვენ გვაქვს საქმე მიტაცებულ სახელმწიფოსთან, სადაც სამართლებრივი პროცესები არ ფუნქციონირებს. ჩვენი ქვეყნის ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი შესაძლებლობა არის გონივრული ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შეიძლება მოიტანოს მოლაპარაკების მაგიდასთან. იმედი მაქვს, რომ მესამე რაუნდი პირველი და მეორე რაუნდებისგან, ამ თვალსაზრისით, განსხვავებული იქნება”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები