მიხეილ ჩხენკელმა სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღე მიულოცა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

მიხეილ ჩხენკელი სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება.

„გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! პირველ რიგში, გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებსა და წინსვლას თქვენს მიერ არჩეულ პროფესიაში! სტუდენტობა ცოდნის შეძენის საუკეთესო და დაუვიწყარი წლებია. თავდაუზოგავი შრომა დღეს თქვენივე მომავალს განაპირობებს. ამიტომ ისწავლეთ და იშრომეთ წარმატებისთვის, რადგან თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა! მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად პანდემიის პირობებში, ახალ, განსხვავებულ რეალობაში გიწევთ სწავლა, განათლება თქვენი ცხოვრების პრიორიტეტი უნდა იყოს. ამიტომ გახსოვდეთ, რომ პროფესიონალიზმისთვის პანდემია დამაბრკოლებელი ფაქტორი ვერასდროს გახდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ სტუდენტთა საერთაშორისო დღეს! გახდით თქვენი საქმის პროფესიონალები, იყავით კონკურენტუნარიანები! გისურვებთ მსოფლიო მიღწევებს, ნაყოფიერ და ბედნიერ წლებს!“- აღნიშნულია ჩხენკელის მილოცვის ტექსტში.

17 ნოემბერს სტუდენტთა საერთაშორისო დღეს საქართველოში 2009 წლიდან, ხოლო მსოფლიოში 1946 აღნიშნავენ. სტუდენტთა საერთაშორისო დღე პრაღაში, სტუდენტთა საერთაშორისო კონგრესზე ჩეხ პატრიოტ სტუდენტთა ხსოვნის ნიშნად დაწესდა. იგი 1939 წლის ნოემბრის სისხლიან მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ფაშისტებმა სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს ალყა შემოარტყეს, 1200-ზე მეტი სტუდენტი აიყვანეს, საკონცენტრაციო ბანაკში დაამწყვდიეს, ცხრა აქტივისტი კი დახვრიტეს.

მსგავსი თემები