“საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს NATO-სთან, ევროკავშირთან, როგორც ეს არის დღეს” – კახა კალაძე მაიკ პომპეოს ვიზიტზე

“ქართულ ოცნებაში” მაიკ პომპეოს ვიზიტს ქვეყნის უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგ მხარდაჭერად მიიჩნევენ. მმართველ პარტიაში თვლიან, რომ ეს დასტურია თუ რამდენად ახლო ურთიერთობა აქვს საქართველოს მის დასავლელ მხარდამჭერებთან. 

“მივესალმები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი ვიზიტები. კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ ურთიერთობას და პარტნიორობას, რომელიც ამ წლების განმავლობაში არსებობს, რაც ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია,” – აღნიშნა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

უმრავლესობაში ასევე განმარტავენ, რომ ოპოზიციის გადაწყვეტილება – აქციით გააგებინონ ამერიკელ მაღალჩინოსანს თუ რა ხდება ქვეყანაში – აბსურდია.

“ეს არის უკვე ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისე ახლოს NATO-სთან, ევროკავშირთან, თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც ეს არის დღეს. აშშ-ს ჰყავს ძალიან კარგი ელჩი საქართველოში და შეუძლებელია ამერიკის რომელიმე შტატების რომელიმე უწყებას, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტს არ ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ, დამატებით აქციები და  უკაცრავად ჟარგონისთვის ამ აქციის გაპრავება იმით, რომ თითქოს ხმა უნდა მიაწვდინონ ვიღაცას, 2020 წელია კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ეს მეთოდი ამით არ პრავდება,” – განაცხადა “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრმა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები