კომპანიებს სემეკისთვის ტარიფების მატების მოთხოვნით არ მოუმართავთ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ეხმაურება  ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს, რომ არც ერთ კომპანიას სემეკისათვის ტარიფების მატების მიზნით არ მოუმართავს.

“სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე, ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებს –  სს „თელასსა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, ასევე წყალმომარაგების კომპანიებს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „რუსთავის წყალს“ და შპს „მცხეთის წყალს“ ტარიფები დადგენილი აქვთ 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის გამანაწილებელმა და წყალმომარაგების კომპანიებმა, 2021-2023 წლებისათვის გეგმური ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს მომართეს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში, რომლის საფუძველზეც კომისიამ დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები, შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა კომისიის ვებგვერდზე, ასევე გაჟღერდა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ” – სემეკში.

კომისია განმარტავს, რომ არც ერთი კომპანიის მიერ კომისიაში წარმოდგენილი  სატარიფო განაცხადი არ შეიცავს ტარიფის ზრდის ან შემცირების მოთხოვნას და მოიცავს მხოლოდ კომპანიის გასული წლის ფაქტობრივ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს.

ივლისიდან დღემდე სემეკში მიმდინარეობს საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები.

მსგავსი თემები