საქართველომ “კოვიდ ვაქცინისთვის“ 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა 

მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის, „კოვიდ 19“-ის ვაქცინის მისაღებად, რიგი საქართველომაც დაიკავა. მსოფლიოს ქვეყნებმა დაახლოებით 8-მილიარდ-ნახევარი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინა ყველაზე დიდი იმედია, თუმცა, მისი მიღების პერსპექტივა საკმაოდ შორეულია.  

“covax-ის (ვაქცინაზე წვდომის გლობალური ფონდი) პლატფორმა „ვაქცინების გლობალური ალიანსის“ მიერ არის შექმნილი. მასთან ჩვენ ვთანამშრომლობთ თითქმის 2 ათეული წელია. მისი დახმარებით ჩვენს ქვეყანაში დავნერგეთ რამდენიმე ვაქცინა. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის და მათ შორის საქართველოსთვის, ეს ჩვენ ჯერჯერობით  არ ვიცით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ადასტურებს, რომ  covax პლატფორმაზე თანხა გადარიცხულია.

„საქართველომ უკვე გადარიცხა პირველი 4 მილიონი დოლარი covax პლატფორმაზე.  ჩვენ დაკვეთილი გვაქვს 700 ათასი დოზა ვაქცინისა. უფრო სწორედ, 700 ათასი ადამიანის მოცვისთვის, ანუ, ორჯერ 700 ათასი [ვინაიდან ორჯერადად კეთდება ვაქცინაცია] და ეს სულ ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. პირველი შენატანი საქარველოს შეტანილი აქვს და როდესაც ჩემს მიერ დასახელებული რომელიმე ან კიდევ სხვა ვაქცინა, დამტკიცდება ამერიკის წამლისა და საკვების ადმინისტრაციის, ევროპის წამლის სააგენტოს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, საქართველო მიიღებს ამ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინას და აიცრება პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები