არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მაიკლ პომპეოს ვიზიტი პოზიტიური დღის წესრიგით ჩაივლის

„სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან“ – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ამბობს, რომ ვიზიტი ჩვეული სტუმართმოყვარეობით ჩაივლის.   

„საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ საქართველოს აქვს ძლიერი მხარდაჭერა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. რასაკვირველია, ჩვენ, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მაიკ პომპეოს დავხვდეთ ჩვეული სტუმართმოყვარეობით და პოზიტიური დღის წესრიგით“,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს დაგეგმილ ვიზიტს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, სახელმწიფო მდივანი საქართველოს საერთაშორისო ვიზიტების სერიის ფარგლებში ეწვევა.

„ჩვენ მოველით, რომ იქნება საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან იმ სტრატეგიულ საკითხებზე საუბარი, რომელიც საქართველო-ამერიკის ორმხრივი დღის წესრიგის ნაწილია. ეს საკითხები ცნობილია ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა ოპოზიციასაც სურს და გეგმავენ ეს მოახერხონ კიდეც.

მსგავსი თემები