“ღია ვართ იმისთვის, ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და გადავითვალოთ უბნები” – “ქართული ოცნება”

“ქართული ოცნების” წევრის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მმართველი გუნდს ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში პოზიციების დაახლოების იმედი აქვს.

მისი თქმით, ცესკო მზადაა გადათვალოს ყველა საეჭვო უბანი, ხოლო “ქართული ოცნება” მზადაა პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლებიც ჩართოს. 

“ძალიან დიდი სივრცეა იმისთვის, რომ ეს პოზიციები დაახლოვდეს. რეალურად, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილური გარემო. არის კითხვები რომელიმე უბანზე საარჩევნო დარღვევასთან დაკავშირებით? კი ბატონო, ცესკო ისედაც ითვლის ამ უბნებს და მზად არის, რომ სხვებიც გადაითვალოს. ჩვენ ღია ვართ იმისთვის, რომ ჩავრთოთ საერთაშორისო დამკვირვებლები და ერთად გადავითვალოთ ეს უბნები, სადაც ასეთი დარღვევები შეიძლება არსებობდეს.

ვფიქრობ, კონსტრუქციული მიდგომა თუ შენარჩუნდება, შევძლებთ პოზიციების დაახლოებას და ეს დიალოგი დასრულდება წარმატებით. უბრალოდ, არჩევნების საკითხი უნდა იყოს არჩევნების საკითხი და ამაზე სხვა საკითხების მიბმა მიზანშეწონილი არ არის,” – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ. 

მსგავსი თემები