„შედეგები გაასწორონ ისე, რომ არჩევნების მეორე ტური იყოს გადამწყვეტი“ – რა შემთხვევაში შევა „გირჩი“ პარლამენტში (ვიდეო)   

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი და 2020 წლის საპარლამენტო  არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მფლობელი იაგო ხვიჩია „მედიაცენტრ მთავარში“ განმარტავს, რა რჩება მისი პოლიტიკური გუნდისთვის პრინციპულ საკითხად. როგორც ხვიჩია აცხადებს, პირველი ტურის შედეგები ისე უნდა ჩასწორდეს, რომ მეორე ტურში მონაწილეობას აზრი ჰქონდეს.

„დღემდე, „გირჩი“ საერთო შეთანხმების ერთგული რჩება და ყველა ჩვენი მოქმედება ამ სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ამ ერთობას ვცემთ პატივს. მხარეები აღიარებენ, რომ არიან კრიზისში და ამიტომ დაიწყო მოლაპარაკება. ჩვენი შეთავაზება უცვლელია – პირველი ტურის შედეგები უნდა გასწორდეს, რომ მეორე ტურზე მივიდეთ. როცა მოლაპარაკებაზე  ჯდები,  ყველა მხარე მზადაა რაღაც დათმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის ულტიმატუმი“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ასევე დამოუკიდებულია დაწყებული მოლაპარაკების შედეგებზე.

„მეორე ტურში მონაწილეობას მივიღებთ თუ არა,  დამოკიდებულია იმაზე, როგორი წარმატებული იქნება ის მოლაპარაკება, რომელშიც ვიმყოფებით. მეორე ტურში რა პირობით შევალთ, ეს მოლაპარაკების საკითხია. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ პირველი ტურის შედეგები უნდა იყოს ისეთი, რომ არჩევნების მეორე ტურში გამართულიყო მთავარი ბრძოლა თუ ვისი იქნება ხელისუფლება. ჩვენთვის პრინციპულია, პირველი ტურის შედეგების გასწორება. პირველი ტურის შედეგები ისე უნდა გასწორდეს, რომ მეორე ტურს აზრი ჰქონდეს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე: 9 პოლიტიკური სუბიექტი აპროტესტებთ არჩევნების შედეგებს. როგორ უნდა გასწორდეს შედეგები ისე, რომ ყველა კმაყოფილი იყოს და ის პროცენტები მიიღოთ რასაც ითხოვთ, პროცენტები 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა რის მიხედვით უნდა გადაინაწლოთ, იაგო ხვიჩიამ ასე უპასუხა:

„ჩვენ არ ვიცით, რამდენი პროცენტით მოგვპარეს ხმები, ვიღაც 5%-ს ასახელებს, ვიღაც 20%-ს.  რაც ვიცი ისაა, რომ არჩევნები ისე გაყალბდა, რომ პირველ ტურში გამარჯვებულის ვინაობა ვერ გადაწყდებოდა. თუ არჩევნებს ხელახლა არ ჩავატარებთ, თქმა, ვინ რამდენი პროცენტი მიიღო, ბუნებაში შეუძლებელია.  ზუსტი ციფრი არ გვეცოდინება. კომპრომისული ვარიანტია ის, რომ ისე გააკეთონ, რომ მეორე ტურმა გადაწყვიტოს არჩევნების ბედი. ამაში არ ვგულისხმობ, რომ მმართველი გუნდი არ უნდა დარჩეს უმრავლესობაში, შეიძლება დარჩეს კიდეც, თუმცა ეს პირველმა ტურმა კი არა, მეორე ტურმა უნდა გადაწყვიტოს“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მსგავსი თემები