„მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს” – მამუკა მდინარაძე

“ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, დღეს რასაც ვხედავთ ოპოზიციურ სპექტრში, არის დიდი დაბნეულობა”, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ “ქართული იცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, დღეს ოპოზიციურ სპექტრში გაკეთებული განცხადებები ურთიერთგამომრიცხავია.

„მართლა, მე პირადად ჯერჯერობით ვერ გავერკვიე, ვინ რა განცხადებას აკეთებს. ისინი აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მთელი დღის განმავლობაში. თავად ვაშაძის განცხადებები გამორიცხავდა ერთმანეთს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბრიფინგამდე შეიტყო, რომ გრიგოლ ვაშაძის მეორე განცხადებამდე 10 წუთით ადრე იგივე ტექსტი ნიკა გვარამიას Facebook-ზე გამოჩნდა.

„აქ რა ხდება, არ ვიცი, ისინი ალბათ ერთმანეთში გაერკვევიან. გაერკვიონ და თუ მათი მესიჯი ნამდვილად არის კონსტრუქციულობა, ამას ვამბობთ ჩვენ და ამას საუბრობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. და მე ვფიქრობ, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, კონსტრუქციულობასთან დაკავშირებით პრობლემები არავის უნდა ჰქონდეს. ისინი თუ ვერ არკვევენ რადიკალურ პოზიციას გაჰყვნენ, გააგრძელონ დესტრუქცია თუ კონსტრუქციულები გახდნენ, მოდი, ჯერ ჩამოყალიბდნენ და საპასუხო რეაქციაც იქნება ჩვენი მხრიდან“, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ გაავრცელა განცხადება, სადაც პარტიებს მოუწოდა, პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაიტანონ.

მსგავსი თემები