“გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

4 პოლიტიკური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. “გირჩის”, “ევროპული საქართველოს”, “ლელოს” და “სტრატეგია აღმაშენებელის” მიერ შემუშავებულ წერილში ნათქვამია, რომ მათი მიზნები და მოთხოვნები არ იცვლება. მთავარი მოთხოვნებია არჩევნების ხელახალი ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

“ივანიშვილის რეჟიმმა უკვე ბევრჯერ გვაჩვენა, რომ აპირებს უკანონო ძალის გამოყენებით ხელისუფლების შენარჩუნებას. ცესკოს წინ მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა წყლის ჭავლით და გუშინ სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავება წარმოადგენს ამ არალეგიტიმური რეჟიმის ქვეყნისთვის სახიფათო რეაქციას მშვიდობიან პოლიტიკურ და სამოქალაქო პროტესტზე. 

ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მყარ პოზიციას, რომ არ ვაპირებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების აღიარებას, მეორე ტურებში მონაწილეობას და არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას. 

ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ. ჩვენი მოთხოვნები უცვლელია – არჩევნების ხელახლა ჩატარება, ცესკოს ადმინისტრაციის შეცვლა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. სწორედ ამ საკითხზე უნდა გაიმართოს დიალოგი ივანიშვილის რეჟიმთან საქართველოს საერთაშორისო მეგობრების შუამავლობით. 
მოვითხოვთ შსს-სგან არ დაუშვან პოლიციური ძალების ახლო კონტაქტი მომიტინგეებთან, რადგან მათი კომპეტენცია და გამოცდილება არაა საკმარისი ამ ტიპის ვითარების ეფექტურად და კანონის ფარგლებში სამართავად. 

მოვუწოდებთ მშვიდობიან მანიფესტანტებს, მათ შორის ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერებს, რომლებიც სამართლიანად არიან აღშფოთებული გაყალბებული არჩევნების და ხელისუფლების მხრიდან ძალადობის გამო, არ შევიდნენ ფიზიკურ კონფრონტაციაში პოლიციასთან. ნებისმიერი ვინც ასე არ მოიქცევა, თავად გაემიჯნება მშვიდობიან პროტესტს.

ჩვენ მზად ვართ გრძელვადიანი და მშვიდობიანი პროტესტისთვის. ჩვენი პროტესტის ძალა მშვიდობიან ქმედებებშია. ოპოზიციის საერთო  შეთანხმებით პროტესტის შემდგომი ადგილი იქნება საპროტესტო აქცია 14 ნოემბერს თბილისში, ხოლო 21 ნოემბერს, გაყალბებული არჩევნების მეორე ფიქტიური ტურების დროს, მშვიდობიანი, ცოცხალი ჯაჭვი.” – ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი თემები