აქციაზე დაკავებულ პირებს, რომელთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან

ოპოზიციის აქციის დროს, სამართალდამცავებმა 19 პირი დააკავეს. სამართალდამცველები ყველა მათგანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელების მიმართ დაუმორჩილებლობას გულისხმობს. პროცესი და საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მოსამართლე, ჯერჯერობით, მხოლოდ 5 ოქმთან დაკავშირებით მსჯელობს. 

რაც შეეხება ადვოკატებს, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ სამართლიანობასთან მათი დაცვის ქვეშ მყოფების დაკავებას არანაირი კავშირი არ აქვს. 

“უკანონოა ყველა იმ ადამიანის დაკავება, რომელიც არანაირ დაპირისპირებაში არ მონაწილეობდა. არ არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და უბრალოდ, ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა პოლიციელთა მხრიდან. სიმართლე რომ ვთქვა, არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ სასამართლო დეტალურად გამოიკვლევს ამ გარემოებებს და სამართლიან გადაწყვეტილებებს მიიღებს, რადგან ჩვენ წარსულში გვაქვს მწარე გამოცდილება ამის,” – განაცხადა  ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანია. მისი ოჯახის წევრების განცხადებით, არასრულწლოვანი ცესკოსთან გუშინ, გვიან ღამით დააკავეს, თუმცა დილით ის ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

“დაკავების მიზეზი იყო სტანდარტული – პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა და შეურაცხყოფა. თუმცა, მთავრი ასპექტი აქ არის ის, რომ დაკავებული ბავშვი არის არასრულწლოვანი და ის დილამდე უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული. დღეს კი მის საქმეზე სასამართლო პროცესია ჩანიშნული, საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში კანონი ბავშვების გასამართლების უფლებას არ იძლევა და დიდი ალბათობით, მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლება,” – აცხადებს დაკავებული არასრულწლოვნის ბიძა ბესიკ წერედიანი.

მსგავსი თემები