“დაგვანებეთ ექიმებს თავი, ნუ გვრთავთ პოლიტიკაში, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ” – ამირან გამყრელიძე

“რამდენად მიზანშეწონილია საპროტესტო აქციის დაშლა წყლის  ჭავლით კორონავირუსის პირობებში” –  ამირან გამყრელიძის თქმით,  მის მიმართ ეს შეკითხვა პოლიტიკური ქვეტექსტით იყო დასმული, რაზეც პასუხის გაცემა არ ისურვა.

ამირან გამყრელიძის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ექიმების ჩათრევა არ უნდა მოხდეს, რადგან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ისედაც უზარმაზარი გამოწვევის წინაშე არიან:

“ჩვენ ექიმები ვართ აპოლიტიკური პიროვნებები, მეც მკითხეს ეს გუშინ და მერე „გაისეირნეს“ ჩემზე კარგად. ჩვენ, ექიმები, ვართ ჩართულები ყველაზე უფრო წინა ხაზზე ამ უზარმაზარ გამოწვევასთან, რომელიც ხდება საუკუნეში ერთხელ. მე ტყუილად არ გისახელებთ ამ ციფრებს. პანდემია არ ჩერდება  და ექიმებს თავი დავანებოთ, პოლიტიკაში ნუ ვრთავთ, ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, ამიტომ პოლიტიკური პასაჟებითა და ქვეტექსტებით დასმული კითხვები…. ყველამ ვიცით, არ ვმალავთ  რომ ეს შეკრებები ცუდად მოქმედებს პანდემიაზე, პირდაპირ გეტყვით, პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან აქტიურ ბრძოლას, მაგრამ პოლიტიკურ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყანაში, იმიტომ რომ პარლამენტის არჩევნები ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ჩვენი ქვეყნის განვითარებას განსაზღვრავს 4-5 წლის განმავლობაში. ამ პროცესს ვერავინ ვერ გააჩერებს, მეორეს მხრივ, დაგვანებეთ ექიმებს თავი, ჩვენი საქმე გვაკეთებინეთ, გუშინ რაც ბატონმა გვარამიამ პირადად ჩემდამი იკადრა, მე მას პასუხს არ ვცემ, სულ ცდილობენ, რომ პოლიტიკურ პროცესში ჩამითრიონ, არა ბატონო, მე აპოლიტიკური პიროვნება ვარ. გუშინ კითხვა დასმული იყო ჩემდამი პოლიტიკური ქვეტექსტით, არ გავეცი პასუხი, მერე ძალიან ცუდი განმარტებები გააკეთა, იცის ამ არხის დირექტორმა, არ ვეხები მე მას. ერთ უბრალო ქართულ ანდაზას ვიხმარ- ვიღაცისგან წიხლი არაა საწყენიო, აღარ დავაკონკრეტებ, ასე შევუთვლი დღეს, საკმაო პოლიტიკური გამოცდილება მაქვს, განა არ შემიძლია პასუხი, მაგრამ დღეს ვარ აპოლიტიკური, არ ვერევი,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები