სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს სახელმწიფო 10 000-მდე ლარით დაეხმარება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომლის კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევაში, დაღუპულის ოჯახს ან მემკვიდრეს ერთჯერადი ფულადი დახმარება – არაუმეტეს 10 000 ლარი გადაეცემა, ხოლო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში გასაცემი თანხის ოდენობა არაუმეტეს 5 000 ლარით განისაზღვრა.

შესაბამის ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრის 6 ნოემბრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე და ვრცელდება პირველი ოქტომბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

ბრძანების თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უფლებამოსილია, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციით (COVID-19) ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, სამინისტროსთან შეთანხმებით, მის ოჯახზე (მემკვიდრე) გასცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ცენტრის თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში, არაუმეტეს 5 000 ლარის ოდენობით“.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, „კოვიდ-19“-ით ქვეყანაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ექიმი გარდაიცვალა. დაღუპულები ბაღდათის და ახალქალაქის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები იყვნენ.

მსგავსი თემები