პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო

პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიების საერთო საპროტესტო აქცია უკვე დაიწყო. აქციის გამო რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.

ამ წუთებში, ტრიბუნასთან ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან და ხალხს მიმართავენ.

საპროტესტო აქცია ბათუმშიც იმართება. თბილისში კი რეგიონებიდან ჩამოსული აქტივისტებიც იმყოფებიან.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის არჩევანი.

“ჩვენ ვდგავართ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით, ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს, გადმოგვცეს თავისუფლება. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის არჩევანი. თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას და არავინ სხვა. დღეს სწორედ ეს 30 წლიანი მონაპოვარი საფრთხეშია,” – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წევრმა ელენე ხოშტარიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციური სპექტრი და აქციის მონაწილეები საპარლამენტო შედეგებს არ აღიარებენ და ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მსგავსი თემები