„მაშინ, როცა ადამიანები იღუპებიან, ზოგისთვის “კოვიდ 19” ფანტაზიაა“ – ეკა გულუა

„მედიაცენტრი მთავარის“ დამფუძნებელი და დირექტორი ეკა გულუა სოციალურ გვერდზე „პოსტს“ აქვეყნებს და წერს, რომ მაშინ, როცა სახეზეა კატასტროფული ვითარება, ჩვენი დაუდევრობით პოტენციური „მკვლელებივით“ ვიქცევით.  

„გადავსებული კლინიკები და „კოვიდ სასტუმროები;“ დაინფიცირებული მედ. პერსონალი; ინფიცირებულთა კატასტროფული მატება და დაინფიცირებულები, რომლებიც ეკიპაჟის მოლოდინში არიან, თუმცა ვერ აღწევენ მათთან. ეს ის რეალობაა, რომელსაც ვერსად გავექცევით. ინფიცირებულები კლინიკაში ვერ გადაჰყავთ და გადარჩევა უწევთ, ვინ წაიყვანონ და და ვინ სახლში დატოვონ, რადგან ყველაფერს აქვს გარკვეული ზღვარი. სისტემა უკვე ვერ უძლებს და ეს აშკარაა.

ამის მიუხედავად, გვყავს საზოგადოება, რომლისთვისაც „კოვიდ 19“ ფანტაზიაა და თავიანთი ქმედებებით პოტენციური “მკვლელებიც” კი არიან.

როცა ექიმების ხელში აღმოვჩნდებით, გადარჩენასა და შველას ვევედრებით; როცა კარგად ვართ, მათ ლანძღვა-გინებას არაფერი გვირჩევნია, მიწასთან ვასწორებთ. საიდან უნდა გაჩნდეს ამდენი სამედიცინო პერსონალი, ამდენი სასუნთქი აპარატი, ამდენი ყველაფერი, რაც საჭიროა, როცა გარკვეული ჯგუფების დაუდევარი ქმედებებითა და იმ ელემენტარული წესების დაუცველობით, დღეში 3000 დაინფიცირებულს „ვუკაკუნებთ?“ სამედიცინო პერსონალიც აღარ გვყავს უკვე საკმარისი რაოდენობით…

არაერთი შემთხვევაა, როცა, უკეთეს შემთხვევაში, სასწრაფოს ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდის, პაციენტს ადგილზე სასუნთქი აპარატით ეხმარება, თუმცა ვერსად გადაჰყავს, რადგან ადგილები არ არის.

აქტიურად გვიტევს „კოვიდ 19“ და მის გაათმაგებას თუ გაასმაგებას ხელს თუ არ შევუწყობთ, ალბათ, გვეშველება“ – წერს ეკა გულუა.

მსგავსი თემები