“ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა” – გიორგი გახარია

“ჯანმრთელობის მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიმყოფები სახლში, ვმკურნალობ სახლის პირობებში, სრულად ვასრულებ ოჯახის ექიმის რეკომენდაციებს და ვცდილობ, რაც შეიძლება სწრაფად მოვახერხო სამსახურში დაბრუნება”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ დაიცვა თავი ვირუსისგან, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ვირუსი არ ცნობს არც თანამდებობას, არც პოლიტიკურ გემოვნებას.

„რა თქმა უნდა, ვცდილობდი და ვიცავდი ყველა წესს, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვირჩევდნენ, თუმცა როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა გამომეჩინა და ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, ზედმიწევნით დავიცვათ ყველა წესი, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიდგენენ. ეს არის ვირუსის შეჩერების ერთადერთი ყველაზე სწორი გზა. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დავინფიცირდით, საგანგაშო აქაც არაფერია, წყნარად, მშვიდად უნდა მივყვეთ ისევ ექიმების რჩევას და ვიმკურნალოთ, როცა შესაძლებელია ბინაზე ან კოვიდ-სასტუმროში და მხოლოდ და მხოლოდ გართულებულ შემთხვევაში – ჰოსპიტალებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები